Apache Derby–ს ინტეგრაცია Eclipse–სთან

JavaDB, იგივე Apache Derby არის მონაცემთა ბაზების მმართველი სისტემა, დაწერილი 100% Java–ზე და აქვს როგორც ქსელში, ისე პროგრამაში ჩაშენებულ რეჟიმში მუშაობის საშუალება. Derby–ს ბიბლიოთეკები მცირე ზომისაა და კარგად ინტეგრირდება პირდაპირ Eclipse–ში. ის თითქმის მთლიანად ფარავს SQL 92 სტანდარტს. ინსტალაციის პროცესიც საკმაოდ მარტივია, რაც საშუალებას იძლევა, შედარებით სწრაფად მოხდეს სამუშაო ადგილის გამართვა, რაც სწავლების პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სწორედ Apache Derby გამოიყენება სადემონსტრაციო მონაცემთა ბაზად ჩემს მიერ წაყვანილ კურსებში.

Apache Derby–ს მოჰყვება რამდენიმე Plug-In იმისათვის რომ მოხდეს მისი ინტეგრაცია Eclipse–სთან. მათი გადმოწერა შეიძლება ოფიციალური გადმოსაწერი გვერდიდან, სადაც ჩამოთვლილია პროდუქტის ვერსიები. ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის უკანასკნელი ვერსიაა 10.4.2.0 (September 5, 2008 / SVN 689064)

აღნიშნული ვერსია გვთავაზობს ორ დანამატს Eclipse–სათვის:
  • derby_core_plugin - მთავარი დანამატი. ის შეიცავს Derby–ს jar ფაილებს სხვა დანამატებისათვის
  • derby_ui_plugin - ამატებს Eclipse–ში Apache Derby Nature–ს და გვეხმარება მონაცემთა ბაზასთან მუშაობაში
იმავე გვერდზე არის ბმული Using the 10 Core and 1.1 UI Derby plug-ins, რომელიც შეიცავს ინსტალაციისა და გამოყენების საკმაოდ დეტალურ ინსტრუქციას.

ინსტალაციისათვის თქვენ უნდა გადაწეროთ ორივე დანამატი (დაარქივებული ფაილები) და თითოეული მათგანი გახსნათ Eclipse–ს დირექტორიაში. ორივე არქივში დევს plugins დირექტორია, რომელიც შეიცავს შესაბამის დანამატებს. Eclipse–ს დირექტორიაში დეარქივაციის დროს ისინი მოხვდებიან Eclipse–ს შესაბამის plugins დირექტორიაში.

ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გაუშვათ Eclipse და დაიწყოთ მუშაობა პროექტზე. ეს საკითხიც კარგადაა დოკუმენტირებული იმავე გვერდზე.


Comments